logo
ENG



ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი, აღდგომის დღესასწაულს უჩვეულოდ ხვდება

10 აპრ 202020:51
3 წუთის საკითხავი
 

აღდგომის დღესასწაული, რომელიც ყველა ტრადიციას არღვევს. კორონა ვირუსმა, ღვთისმსახურების წესში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომას საკუთარ სახლებში შეხვდება. წითელ პარასკევს ცარიელი იყო წმინდა პეტრეს ტაძარი და იერუსალიმში, - ვია დოლოროსა, ქუჩა, რომელზეც ქრისტიანთა რწმენით, მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. ტრადიციულად ამ გზას ათასობით მორწმუნე გადის, წელს კი საუკუნოვანი ტრადიცია გლობალურმა პანდემიამ დაარღვია. 

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი, აღდგომის დღესასწაულს და წინასადღესასწაულო მსახურების დღეებს, წელს უჩვეულოდ ხვდება. კოვიდ 19-ის პანდემიამ, უამრავი მორწმუნე საკუთარ სახლებში დატოვა. წითელ პარასკევს, რომის პაპი მესას წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში ატარებს. ჯვრის თაყვანისცემის მსახურებაზე, ჯვარზე მთხვევის ტრადიციული ცერემონია წელს აღარ გაიმართება. 

იტალიაში კარანტინის დროს ქუჩები ცარიელი და მიტოვებულია. წინა წლებში, წითელ პარასკევს კოლიზეუმთან ათიათასობით ადამიანი იკრიბებოდა, რათა მონაწილეობა მიეღო პაპის მიერ ჩატარებულ ტრადიციულ მსახურებაში, რომელიც „ჯვრის გზის“ სახელით არის ცნობილი. 

წითელ პარასკევს, იესოს ჯვარცმის დღეს, ღვთისმსახურება, ვატიკანის მსგავსად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მრევლის გარეშე, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. თითქმის დაცარიელებულია იერუსალიმი და მრევლისთვის დახურულია მაცხოვრის აღდგომის ტაძარი.  

იერუსალიმის ძველ ქალაქში დაცარიელებულია ვია დოლოროსას ქუჩა, რომელიც, ქრისტიანთა რწმენით, მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. წითელ პარასკევს, ტრადიციულად, ვია დოლოროსაზე უამრავი მორწმუნე იკრიბება და ამ გზას გადის. საუკუნეების ტრადიცია წელს გლობალური პანდემიის გამო დაირღვა. 

მრევლის გარეშე ატარებენ მსახურებას პარიზის ნოტრ-დამში. სასულიერო პირებმა დღეს კათედრალში გამართულ მსახურებაზე კორონავირუსი მსხვერპლისთვის, დაავადებული ხალხისთვის და სამედიცინო სამსახურების თანამშრომლებისთვის ილოცეს. 

ღია ცის ქვეშ ჩატარდა წითელ პარასკევს ღვთისმსახურება დიუსელდორფში, ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის მიწაზე, რომელიც გერმანიაში კორონავირუსის ერთ-ერთი პირველი კერა იყო. მოქალაქეები მსახურებას მანქანებიდან ადევნებდნენ თვალს.

ტაძრები დახურულია ესპანეთში, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ევროპაში ყველაზე მაღალია. სამართალდამცველებს გზებზე გაძლიერებული კონტროლი აქვთ, რადგან აღდგომის დღეებში, ტრადიციულად მოსახლეობა ოჯახის წევრებთან ერთად გამოდის. ესპანეთში კორონავირუსით 157.000 ადამიანი დაინფიცირდა. 15.000-ზე მეტი გარდაიცვალა.


close დახურვა