logo
ENG



ქურდოვანიძე: შეცდომაა, თითქოს მაჩალიკაშვილის საქმეში სახელმწიფომ ყველაფერი სწორად გააკეთა

19 იან 202320:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/19/3efajdd7s44xy96.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების ისე ინტერპრეტირება, "თითქოს ამ საქმეში სახელმწიფომ ყველაფერი სწორად გააკეთა" და პრობლემური მხოლოდ "ცალკეული პროცედურული საკითხები" იყო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

ქურდოვანიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე ეფექტიანად არ გამოიძია, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი დარღვევაა, და ხელისუფლებას გამოძიების განახლება დაავალა.  

„ბოლო დროს განსაკუთრებით შესამჩნევია საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იმგვარი ინტერპრეტაციები, რომ საზოგადოებამ იფიქროს, თითქოს ის დარღვევა, რომელიც დადგინდა, იმდენად უმნიშვნელოა, რომ საქმის წაგება მოგებას უტოლდება.

მაჩალიკაშვილის საქმეზეც იგივეს ვხედავთ. ამ საქმეზე სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა პროცედურულ ნაწილში იმის გამო, რომ სახელმწიფომ ეს საქმე ეფექტიანად არ გამოიძია. გადაწყვეტილება ავალდებულებს სახელმწიფოს, გამოძიება განაახლოს. მისი ინტერპრეტირება ისე, თითქოს ამ საქმეში სახელმწიფომ ყველაფერი სწორად გააკეთა და მხოლოდ "ცალკეული პროცედურული საკითხები" იყო პრობლემა, მნიშვნელოვანი დარღვევის არაღიარება, გაუფასურება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა” - წერს ნონა ქურდოვანიძე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, 19 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქმეზე მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა:

  • კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა - პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება).
  • ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ არ დაუდგენია მე-2 მუხლის დარღვევა - არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).

სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის. თუმცა მან მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა. გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), დასაბუთების არარსებობის გამო.


close დახურვა