logo
ENG



ღარიბაშვილის შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებას პარტია საქართველოსთვისაც ითხოვს

10 სექ 202314:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/10/prsnt5vvg8lgqg3.jpg

პარტია საქართველოსთვის პროკურატურას მიმართავს და სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერმინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე.

მათი თქმით, მომხდარი კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე.

"გამოძიების დაწყებაზე უარი კიდევ ერთხელ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლებისადმი მორჩილება და ოცნების ინტერესების გატარება, რაც კიდევ ერთხელ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების სისტემას, რომლის დამოუკიდებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მომხდარს ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტენციაა და არა მთავრობის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების", -ამბობენ ისინი.

გახარიას პარტია უახლოეს დღეებში პარლამენტში ინიციატივის წარდგენასაც გეგმავს, რომლითაც, როგორც ამბობენ, თანამდებობის პირების იმ ნათესავთა წრე გაფართოვდება, ვისაც თავიანთი ქონების წარმომავლობის დასაბუთება მოუწევთ. 

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

გუშინ TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.

TV პირველის სიუჟეტს დღეს სტრატომის მორიგი განცხადება მოჰყვა, სადაც ისევ ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილი მგზავრობის ხარჯები ბიუჯეტიდან არ დაფარულა. 

 

close დახურვა