logo
ENG



ღარიბაშვილი: აშშ-ის სენატის განცხადებებმა ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვა

25 მარ 202116:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/25/9adrr9e310kreso.jpg

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აშშ-ის სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა "ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაუსვა".

პრემიერმა "ობიექტური და სამართლიანი შეფასებებისთვის" განსაკუთრებული მადლობა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ჯორჯ კენტს გადაუხადა. 

"მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების სენატს და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად ბატონ ჯორჯ კენტს სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და დასრულდა ის ერთგვარი რაღაც აბსურდული ბრალდებები და ცილისწამებები ნებისმიერ თემაზე, რომელიც გვესმოდა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან", - განაცხადა პრემიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზადაა, აშშ-დან გაჟღერებული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

"ასევე, მინდა გითხრა, რომ ჩვენ მზად ვართ, ძალიან მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ რომელიც იყო აღნიშნული ამერიკის შეერთებული შტატების სენატის და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან", - თქვა ღარიბაშვილმა.

23 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების" თემაზე მოსმენა გაიმართა. 

სენატორმა შაჰინმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოში "კრიტიკულ" სიტუაციასა და საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრაა:

"არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია". 

მანვე ახსენა ოპოზიონერთა დაკავება და ეს "რუსეთის გამარჯვებად" შეაფასა.

"ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა", - თქვა სენატორმა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტმა, რომელიც სხდომაზე მომხსენებელი იყო, თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების ვერმიღწევა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დააზიანებს.

"ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობა წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც მხოლოდ მათ ეკისრებათ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ადმინისტრაცია მოელის თქვენთან და ევროპელ კოლეგებთან ერთად კონგრესში მუშაობის დაწყებას, რათა გამოინახოს არაერთი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად", - აღნიშნა კენტმა. 

საქართველოს საკითხზე მოსმენა აშშ-ს სენატში კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად დაინიშნა. დანიელსონის ვიზიტის შედეგად მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი სპეციალური ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი დანიელსონი მედიაციის მიზნით საქართველოს კვლავ ეწვევა. 


close დახურვა