logo
ENG



ღარიბაშვილი: ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე PES შეიკრიბება

09 მაი 202311:12
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის კეტი პირის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, დასკვნებს პარტიაშიც გააკეთებენ, "შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში".

სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში კეტი პირიმ აღნიშნა, პოლიტიკურ გაერთიანებაში ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და ოცნებას არავინ უჭერს მხარს. მისივე თქმით, გაერთიანებაში უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

"ამის თაობაზე გვექნება მსჯელობა, პოლიტსაბჭოს ფორმატში და პარტიაში დავიწყეთ კონსულტაციები და დიალოგი. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისშიმე. ზოგიერთმა დაპოსტა, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში მონაწილეობა, რომელიც არის აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის და ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის, პრეზიდენტი რეიგანი იყო ამ კონფერენციის სპიკერი, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის. თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და მიუღებელია აღვირახსნილი პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო, ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას", - უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას.

4 მაისს, უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) და აღნიშნა, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთშიკონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.


close დახურვა