logo
ENG



ღარიბაშვილი მოლაპარაკებაზე: მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს

12 მარ 202112:18
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ქრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ქართული ოცნების გუნდი მოლაპარაკებების პროცესში შედეგზე იქნება ორიენტირებული და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

"კიდევ ერთხელ მინდა სრული მზაობა განვაცხადო ჩვენი გუნდის სახელით", - განაცხადა პრემიერმინისტრმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, - "ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს". 

დენიელსონი თბილისში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მედიაციის მიზნით დღეს ჩამოფრინდა. მისი ვიზიტი ხელშემწყობი ფაქტორი უნდა გახდეს იმისა, რომ 16 მარტს ევროპულ საბჭოში დაგეგმილ ვიზიტზე ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან კონკრეტული შედეგებით ჩავიდეს. 

პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ პროცესში ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი აქვს. 

"გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება ძალიან მოკლე დროში", - აცხადებს ის, - "იმედი მაქვს ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის". 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრას უშუამავლა, ჩარჩო წინადადებები წარმოადგინა, დოკუმენტი იმ საკითხებს მოიცავს, რომლებზეც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

სხვა საკითხებთან ერთად დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი, რაც, ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმების მთავარი წინაპირობა უნდა გახდეს. 

მიშელის ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ მხარეებს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე არ გამართულა - შემდეგ შეხვედრას სწორედ დანიელსონი გაუწევს მედიაციას

 

 

 

 


close დახურვა