logo
ENG



ღარიბაშვილი ნამახვანჰესი: ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ვხედავთ

29 მარ 202114:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/29/cq9zwpv4kkm1mg1.jpg

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია ნამახვანჰესის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და უცხო ქვეყნის მიერ წახალისებული მოქალაქეები. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, უკიდურესაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ წაახალისოს ჰესების მშენებლობა.

"ის აჟიოტაჟი, ის ხმაური რაც არის დაწყებული, აბსოლუტურად გაუგებარია. მეორეს მხრივ, მოსახლეობა, მოქალაქეები, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად არის ჩართული ამ პროცესში, მე მინდა გავმიჯნო ამ პროტესტში გულწრფელად ჩართული მოქალაქეები და ზოგიც პოლიტიკურად ანგაჟირებული უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული, ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო. დღეს ჩვენ ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს, პირდაპირ ვიტყოდი, ჰიბრიდული ენერგეტიკული ომისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან", - აცხადებს პრემიერი.

მისი თქმით, აუცილებელია იმ მოქალაქეებთან მეტი კომუნიკაცია, ვინც ჰესის აშენებასთან დაკავშირებით გულწრფელად წუხს. პრემიერის თქმით, უშუალოდ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-12 თვემდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ

ღარიბაშვილის თქმით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართული ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა უნდა შეწყდეს.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

აქტივისტებმა ეკონომის მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრა მოითხოვეს. თურნავა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მათ შეხვდა კიდეც, თუმცა, შეხვედრა კითხვებზე პასუხის გარეშე, რამდენიმე წუთში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაემატა დემონსტრანტების მოთხოვნებს თურნავას გადადგომა. 

ქუთაისის აქციებს წინ უძღოდა პროტესტი რიონის ხეობაში. დემონსტრანტებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა. 

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს 

ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.

EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.

 


close დახურვა