საქართველოს პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას თავდაცვის სამინისტროშიც ეხმაურებიან. უწყებაში ამბობენ, რომ ეს განცხადება მათთვის მიუღებელია.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით საქართველოს საამაყო შეიარაღებული ძალები ჰყავს და ისინი გმირები არიან.
„პრეზიდენტის განცხადება არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები. ეს მინდა ვუთხრა პრეზიდენტს. მიუღებელია მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება, საჭიროებს მეტ განმარტებას და კონკრეტიკას. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადება გაუგებარია გენერალური შტაბის უფროსისთვის. ვლადიმერ ჩაჩიბაია იმ სეიარაღებაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას აქვს და ამბობს, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს.
„არ ვიცი რა იგულისხმა პრეზიდენტმა. ჩემის მხრივ ვიტყვი იმას, რომ ჩვენი ძალები არის სერიოზული მოდერნიზაციით და შეიარაღებით. უახლოეს წარსულში შევიძინეთ ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, ფრანგული თავდაცვის საშუალებები და უახლოეს მომავალში კიდევ ახალ ამბებს გავიგებთ, რომლებიც შეეხება ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას", - აცხადებს ჩაჩიბაია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. ზურაბიშვილი პრეს-სამსახურის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება არასწორად იქნა გაგებული.