logo
ENG



ღია საზოგადოების ფონდი 2024 წლიდან სტატუსსა და სახელს იცვლის

29 დეკ 202311:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/29/6nmebn7hf9sf4xo.jpg

ღია საზოგადოების ფონდი 2024 წლიდან სტატუსსა და სახელს იცვლის. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლო ორი წლის მანძილზე, ღია საზოგადოების ფონდების გლობალურ ქსელში მიმდინარე სტრუქტურული, მენეჯერული, თუ გეოგრაფიული ცვლილებების პარალელურად, ფონდი სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ყალიბდება, თუმცა რჩება გლობალური ქსელის პარტნიორად რეგიონში.

"ჩვენი საგრანტო დაფინანსება კვლავ ხელმისაწვდომი იქნება სამოქალაქო სექტორისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვისა თუ დემოკრატიული საზოგადოების მხარდამჭერი ადამიანებისთვის. შემდეგი წლიდან, უკვე სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CSF) სახელით გავაგრძელებთ იმ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი ხმებისა თუ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურებიან", - აცხადებენ ფონდში.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი 1994 წლიდან იყო ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელის ნაწილი. საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობა ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით, ქართველი მეცნიერების საქმიანობის გაძლიერებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვით დაიწყო.

თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე, ფონდის ინვესტიცია საქართველოში ღია და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტია. ეს მხარდაჭერა ახალგაზრდების, ქალების, ბავშვების, ლტოლვილების, სტუდენტების, პროფესიული ჯგუფების, სოციალურად დაუცველების, ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გაძლიერებისკენ იყო მიმართული.


close დახურვა