მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის ციხის საავადმყოფოში ექსპრეზიდენტის ნახვას მოითხოვს.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა დღეს და გუშინ დამძიმებული იყო და აუცილებელია, რომ ექიმებმა მოინახულონ.
"ვითხოვ, მოვითხოვ, ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად იმიტომ, რომ ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობაზე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. მისი ნახვა აუცილებელია დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ", - ამბობს ყიფშიძე.
მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მანამდე, სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა და თქვა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 39-ე დღეა შიმშილობს.
გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.
ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.