logo
ENG



ყოფილი ორი რუსი აგენტი ყვება, რომ FSB-მ საქართველოში ჯაშუშობისთვის გამოგზავნა

08 სექ 202211:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/08/yv7zj2h6933jg4h.jpeg

ყოფილი რუსი აგენტები CNN-თან ყვებიან, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) საქართველოში ჯაშუშობისთვის გამოგზავნა. 25 წლის მიხაილ სოკოლოვი ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებს. გამოცემასთან ჯაშუშობაზე ისაუბრა კიდევ ერთმა რუსმა აქტივისტმა, ვსევოლოდ ოსიპოვმაც.

სოკოლოვი ამბობს, რომ 19 წლის ასაკში რუსეთის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა და აქტივიზმით იყო დაკავებული. 2016 წელს ის სამხედრო კომისარიატში დაიბარეს და, მისი თქმით, სწორედ იქ შეხვდა პირველად FSB-ს თანამშრომლებს.

"ოფიცერმა მითრა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვალს მადევნებდნენ და საკითხი ასე დააყენეს: თანამშრომლობაზე თანხმობა ან ციხე ორი წლით", - ამბობს სოკოლოვი. მისი თქმით, ციხეში წასვლის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო ეშინოდა, ამიტომაც გარიგებაზე წასვლას ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევდა.

როგორც სოკოლოვი ამბობს, 2017 წელს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ კამპანიაში დაიწყო მოხალისედ მუშაობა. 2021 წელს უკვე ორგანიზაციის თანამშრომლებში ირიცხებოდა და FSB-თან საკვანძო ინფორმაციას აწვდიდა. მისი თქმით, FSB-ში სჯერათ, რომ ნავალნი ამერიკიდან ფინანსდებოდა, თუმცა თვითონ ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები ვერ მოიპოვა.

სოკოლოვი ყვება, რომ მოგვიანებით FSB-მ ის საქართველოში მიავლინა, რათა ნდობა მოეპოვებინა მზარდ რუსულ დიასპორაში, რომლებიც რეპრესიებს გაურბოდნენ.

"ისინი ფიქრობდნენ, რომ ქართველი სპეცსამსახურები CIA-ს დავალებით რუს ოპოზიციონერებს იბირებენ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ აღნიშნულის მტკიცებულებაც ვერ მიაგნო.

კიდევ ერთი აქტივისტი, ვსევოლოდ ოსიპოვი CNN-თან მსგავს გამოცდილებაზე ყვება. მისი თქმით, 2021 წლის მაისში, 19 წლის ასაკში, ნავალნის დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ დააკავეს და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხით დაემუქრნენ.

"სხვადასხვა დავალება მქონდა. კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრა და მათი გაცნობა მიწევდა", - თქვა ოსიპოვმა.

ოსიპოვი აცხადებს, რომ საქართველოში გააგზავნეს, რათა რუსულ დიასპორას დაჰკვირვებოდა, რას ფიქრობდნენ, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომზე, როგორ ეხმარებიან სხვა სახელმწიფოები უკრაინელ ლტოლვილებს.

"FSB ასევე დაინტერესებულია დასავლურ სამსახურებთან ნებისმიერი თანამშრომლობით ან უცხოეთიდან დაფინანსებით".

CNN დაუკავშირდა FBS-სა და CIA-ს. FSB-მ მათ კითხვებს არ უპასუხა, ხოლო CIA-მ უარი თქვა კომენტარის მიცემაზე.


close დახურვა