შაბათის ფორმულას, რუსთავის მე-20 ოლქის კოორდინატორის რვეული ჩაუვარდა, რომელიც ქართული ოცნებისთვის აგიტაციას ეწეოდა.
კოორდინატორის ჩანაწერებში, რომლითაც ის 2 ოქტომბერს ხელმძღვანელობდა, ამომრჩევლების პირადი ინფორმაციაა თავმოყრილი.
შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ამ ადამიანებს სახლებში მიაკითხა. გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის თუ საიდან აღმოჩნდა მათი პირადი მონაცემები, მმართველი პარტიის ხელში. სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრი კი გვიყვება, რომ მზადება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება.
ამომრჩეველზე ზეწოლისთვის, სიების გარდა, ე.წ. ძველი ბიჭები, ხელისუფლების უცვლელი ტაქტიკაა. ე.წ. ძველი ბიჭების გარდა, საარჩევნო პროცესში თითქმის ყველა ადმინისტრაციული რესურსი იღებდა მონაწილეობას.
დამკვირვებლების თქმით, საარჩევნო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სუს-ის, ასევე სსიპ-ების და აიპებ-ის თანამშრომლები. მათი დახმარებით, ხმის ორჯერ და სამჯერ მიცემასაც ახერხებდნენ.
დაპირისპირების და ძალადობის ფონზე ჩაიარა საარჩევნო პროცესმა მარნეულშიც. სადაც ლეიბორისტული პარტიის წევრი ცივი იარაღით დაჭრეს, ხოლო პარტია გირჩის წარმომადგენელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში აღმოჩნდა. არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ, მარნეულის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, თავს დაესხა რამდენიმე ათეული პიროვნება, ინციდენტიდან 2 საათის შემდეგ კი პოლიციამ თავად ლაშა ქველაძე დააკავა.
ასეთი ტიპის ხარვეზების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია და მეორე ტური რამდენიმე ქალაქში გაიმართება.