30 წლის ბექა ცერცვაძე გლდანის ციხეში უკვე 30 დღეა შიმშილობს. მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის ძალადობით გაწევა და მუქარა ედება, თუმცა საპირისპირო მტკიცდება საქმის მასალებით და იმ ვიდეო ფაილებით, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა.
კადრებში ჩანს, რომ სასამართლოს ეზოში ცერცვაძეს თავს ესხმის პოლიცია და მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ბექა ცერცვაძე ბრალს არ აღიარებს და ითხოვს საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს - ამ მიზეზით მიმართა მან პროტესტის უკიდურეს ფორმას. მისი ჯანმთელობის მდგომარეობა რთულია და ყოველდღიურად მძიმდება.
"ვიცი, ჩემი ჯანმრთელობის დაზიანებით ამათ გულს ვახარებ, თქვენსას ვკლავ...დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს წამებას საზღვარი არ ექნება არასდროს, თუ ახლა არ დავასრულე, ახლა შიმშილობის შეწყვეტაზე სისულელე, არაფერი იქნება.
თუ ვინმე იტყვის, რომ თავი მოიკლაო, აუცილებლად შეუსწორეთ და უთხარით, რომ უსამართლობასთან ბრძოლას შევეწირე და თავი გაანებეთ, რადგან ასეთი ადამიანი მეტს ვეღარ ჩაწვდება", - წერს ცერცვაძე წერილში. ამ წერილს გლდანის ციხეში მოშიმშილე კიდევ ერთი პატიმარი ოჯახს უგზავნის.
30 წლის ბექა ცერცვაძეს ზუსტად 1 თვეა საკვები არ მიუღია, ის მხლოდ წყალს სვამს. ცერცვაძის ოჯახი საპატიმროში სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს.
"თავიდან წყალს არ სვამდა. მშრალ შიმშილზე მერვეში, კარანტინში დიდი ხანი ჰყავდათ. იქ წყლის ხმაც ესმოდა, წყლის წვეთების, წყალს არ სვამდა და ხმა ესმოდა. საშიმშილო კამერაში არ გადაუყვანიათ, როცა ცუდად გახდა, 2 ნოემბერს დაგვიბარეს სასწრაფოდ. რომ მივედი და რომ ვნახე, ნეტავ არ მენახა. 13 კილო ჰქონდა დაკლებული, ძლივს საუბრობდა", - ამბობს დედა შაბათის ფორმულასთან საუბარში.
ადვოკატის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის არანაირი პირობები, რომ მოშიმშილეს სათანადო ყურადღება მიაქციონ.
"ვიცით, რომ არცერთი პატიმარი არ გადაუყვანიათ, მძიმეებიც კი. ბექას შიმშილობა ზრდის რისკებს, რომლებიც უკვე არამხოლოდ მის ჯანრმთელობას, არამედ მის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს", - ამბობს ადვოკატი.
ბექა ცერცვაძემ დაკავების დროს, მანქანაში გადაიღო ვიდეო, სადაც ამბობს, რომ სტკივა ხელი და ითხოვს სასწრაფო დახმარების გამოძახებას. პატიმარს გადაღებული აქვს პრობაციის სამსახურის დაცვასთან მომხდარი შელაპარაკებაც, სადაც ჩანს, დაცვის პოლიციის თანამშრომლის მხრიდან კანონის უხეში დარღვევა და უფლებამოსილების გადამეტება.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ყველაფერი პრობაციის სამსახურში მისული ცერცვაძისთვის პირბადის გაკეთების მოთხოვნას მოჰყვა. უარის მიღების შემდეგ, დაცვა პრობაციონერს ჯარიმის გამოწერის მაგივრად, ფიზიკურად შეეხო და შენობიდან გამოაგდო.
დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ბექა ცერცვაძე დააკავა, ვასილ მაკარიძეა. გამოძიების დაწყების შემდეგ ის პრობაციის სამსახურში აღარ მუშაობს.
პირბადის გამო დაკავებული პრობაციონერის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.