logo
ENG



შაბათის ფორმულა: ქალი ყოფილ მეუღლესა და მამამთილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

24 აპრ 202120:50
3 წუთის საკითხავი
 

ახლგაზრდა ქალი ყოფილ მეუღლესა და მამამთილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში ჰყვება, რომ წლების განმავლობაში მეუღლის ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიც იყო. 

მისი ყოფილი მეუღლე სასაზღვრო პოლიციაში მუშოაბდა, თუმცა აღნიშნული ბრალდებების შემდეგ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ქალს დაზარალებულის სტატუსი და მისი ყოფილი ქმრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა იქამდე არ დაიწყო, სანამ ფაქტით შაბათის ფორმულა არ დაინტერესდა. 

როგორც ქალი ჰყვება, ყოფილმა მეუღლეს და მამამთილმა მასზე ფიზიკურად მაშინ იძალადეს, როდესაც ის განქორწინების პროცესში, მათ სახლში ნივთების წამოსაღებად იყო მისული. 

"სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, რა სიტუაციაშიც არ უნდა ვყოფილიყავი, ითხოვდა სურათების მყისიერ გადაღებას და გადაგზავნას. უარის შემთხვევაში მოდიოდა შეურაცხმყოფელი მესიჯები. ვინც არ უნდა მოსულიყო და სუფრას გავშლიდი, მე სუფრაზე არ უნდა გავჩერებულიყავი იმიტომ, რომ იქ მამაკაცები ისხდნენ და მე უნდა გავსულიყავი ან გვერდზე ოთახში, ან გარეთ. ქალს სუფრაზე არაფერი ესაქმებოდა", - ამბობს ქალი. 

​გამოძიებით დადგინდა, რომ ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. რაც შეეხება ყოფილ მეუღლეს, ის ბრალს არ აღიარებს. მის სახელზე შემაკავებელი ორდერია გამოწერილი. 

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ოჯახში ძალადობის შემთხვევები პანდემიის დროს გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მომატებულია ფიზიკური, ეკონომიკური და სექსუალური შევიწროების შემთხვევებიც. 


close დახურვა