logo
ENG



შაბათის ფორმულა: 2018-ში ეკლესია და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ ანჩისხატს ტაძარში გადაიტანენ

27 მარ 202120:10
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ მოიპოვა ეკლესიასა და მთავრობას შორის მიმოწერა, რის მიხედვითაც ჯერ კიდევ 2018 წელს მოხდა შეთანხმება, რომ მე-6 საუკუნეში შექმნილ მაცხოვრის ხატს - ანჩისხატის ეკლესიაში გადაიტანენ.

ოფიციალურად ხატის გადატანის შესახებ სახელმწიფოს არაფერი უთქვამს, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამისათვის ჯერ კიდევ 2018 წელს ბევრი რამ უკვე გაკეთებული იყო. სახელმწიფომ ეკლესიის რეაბილიტაცია ჩაატარა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა კი სიგნალიზაცია დააყენა. შედგა შუშის კიოტის ანუ ვიტრინის პროექტიც, რომელიც პატრიარქმა მოიწონა და ეს პროექტი გადაეგზავნა კულტურის სამინისტროს. წერილიდან ორი წლის თავზე, ვიტრინა უკვე ტაძრის შუაგულში დგას.

ახალი მინისტრი თეა წულუკიანი შაბათის ფორმულასთან აღნიშნულ საკითხზე არ საუბრობს, თუმცა მისი მთავრობის წევრები ამ საკითხზე უკვე ხუთ წელიწადზე მეტია აქტიურად მსჯელობენ და როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, სავარაუდოდ შეთანხმებაც მიღწეულია.

ამას ადასტურებს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მიმოწერა ერთმანეთში და საპატრიარქოსთან. ოფიციალური წერილებიდან, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, საგულისხმოა 2018 წლის 1 ნოემბერს საპატრიარქოს მიერ მაშინდელი კულტურის მინისტრისთვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომელსაც ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს: "სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ანჩისხატის ხატი, როგორც მორწმუნეთათვის უდიდესი სიწმინდე, ეროვნული მუზეუმიდან უნდა გადმობრძანდეს და ბინა დაიდოს ანჩისხატის ტაძარში".

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი ამბობს, რომ გერმანული კომპანია ზენერ-ის მიერ შექმნილი მაღალტექნოლოგიური ვიტრინა აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რომელიც ხატის უსაფრთხოდ განთავსებისთვისაა საჭირო. ვიტრინის შესაქმნელად გამოყენებულია სილატეკის მინა. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია ხატის მუზეუმიდან ეკლესიაში გადატანას თავად უზრუნველყოფს და ამის სპეციალურ დაცულ გადასატან კიოტს შექმნის.

ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი, შუა საუკუნეების ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუში წლებია ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. 


close დახურვა