logo
ENG



შავი სიიდან ამოღებული მოქალაქეებისგან ისევ ვალის გადახდას მოითხოვენ

21 თებ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

შავი სიიდან ამოღებული მოქალაქეებისგან ისევ ვალის გადახდას მოითხოვენ. ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გამოცხადებული ქველმოქმედება, რომელიც მოსყიდვად შეაფასეს არასამთავრობო ორგაანიზაციებმა, დაპირებად დარჩა.

ბოლო დღეებია, კრედიტების ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ. „ფონდმა ქართუმ" პრობლემური აქტივები 2018 წელს შეიძინა და მოსახლეობას სესხები გაუნულა. მონაცემები აღრიცხული იყო vali.ge-ზე, მაგრამ საიტი ამ დროისთვის აღარ არსებობს. ფონდი „ქართუს“ მიერ განულებულ ვალებთან დაკავშირებით  ორგანიზაციაში კომენტარს არავინ აკეთებს. თუმცა ირკვევა, რომ უკმაყოფილო მომხმარებლებმა ფონდ „ქართუს“ უკვე მიაკითხეს.

იურისტების ინფორმაციით, ამ კვირაში უკვე 3 დადასტურებული შემთხვევაა, როდესაც ამომღები კომპანიები „ქართუ ფონდის“ მიერ განულებული სესხების თაობაზე რეკავენ და მსესხებლებს დავალიანების დაფარვას თხოვენ.

სამიდან 2 საქმეზე მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. ერთმა კომპანიამ კი მსესხებელს სასამართლოში უჩივლა. კომპანია გლობუსი მომხმარებელს ბიძინა ივანიშვილის მიერ განულებული სესხის დაფარვას სთხოვს.  

კომპანია გლობუსის კომერციული დირექტორის თქმით თეორიულად შეუძლებელია კომპანიას იმ აქტივის შესახებ ეჩივლა რომელიც მათ საკუთრებაში აღარ არის. შესაბამისად გამოდის, რომ სესხი რის შესახებაც გლობუსმა სარჩელი შეიტანა „ქართუს“ გამოსყიდული არ აქვს. ეს იმ დროს როდესაც საიტი ვალი.ჯი მომხმარებელს ატყობინებდა, რომ მისი სესხი ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა.

სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ  ეს პრობლემა კიდევ ბევრ ადამინს აწუხებს. ფეისბუკ მომხმარებლები აქტიურად წერენ იმაზე, რომ ამომღები კომპანიები მათთან რეკავენ და განულებული სესხის დაფარვას ითხოვენ. ვალების განულებას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაპირდა, საიტ ვალი.ჯის მეშვეობით, მილიარდნახევარი ლარის დაფარვას შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს „ფონდი ქართუ“ პირდებოდა. ეს დაპირება მაშინვე შეფასდა წინა საარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვად,  განულების სისტემაში მაშინ ფინანსთა სამინისტროც იყო აქტიურად ჩართული, თუმცა მას შემდეგ რაც პრობლემები გაჩნდა, უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის.

 


close დახურვა