logo
ENG



შალვა ნათელაშვილმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა

23 ნოე 201912:31
3 წუთის საკითხავი
 
9ayyg7c8c0rhbst.jpg

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა. შალვა ნათელაშვილმა „ფორმულა ნიუსთან“ შემაჯამებელი კომენტარი ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოსთან გააკეთა. მისი თქმით, სწორედ რუსეთია საქართველოს სახელმწიფოს მთავარი მტერი და ის ყველაფერს გააკეთებს საერთაშორისო არენაზე მასთან საბრძოლველად. ნათელაშვილი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ რუსეთმა გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან და გაათავისუფლოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. 

„შეგნებულად გადავწყვიტე ვიზიტი შემეჯამებინა რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან, იმ ფედერაციისა, რომელმაც მოახდინა აგრესია და ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისა. მე მინდა მოვუწოდო რუსეთის პრეზიდენტს და უმაღლეს ხელმძღვანელობას, გაიყვანონ თავიანთი საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, გაიყვანონ თავიანთი ბაზები, დაგვიბრუნონ მიწები, გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დაამთავრონ ჩვენი ჯიჯგვნა და წამება და მერე შემოვიდნენ საქართველოში, მეგობრებად, ტურისტებად, ინვესტორებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას დაედოს საერთაშორისო სამართლებრივი სანქციები ჩვენი ოკუპაციისთვის, რომ საქართველოი განლაგდეს ამერიკული სამხედრო ბაზა და მასზე განთავსდეს ატომური იარაღი, იმიტომ რომ ატომური სახელმწიფო გვებრძვის“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


close დახურვა