გიორგი შაქარაშვილის ნათესავი, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია. ამის შესახებ მან პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
როგორც ნიკოლაძემ აღნიშნა, პარტიის შეხედულებებთან სრული თანხვედრა აქვს და მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.
„პოლიტიკური პარტიის თანადამფუძნებელი ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრს. ჩვენ ვართ დიდი ხნის მეგობრები. ამავდროულად, მე ვარ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. ეს ყველაფერი იყო ჯერ კიდევ ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე და ბუნებრივია გრძელდება მიუხედავად ჩემი ოჯახური პრობლემებისა, რომელიც უკავშირდება გიორგის გარდაცვალებას. მე ყოველთვის აქტიური ვიყავი, როგორც მოქალაქე. ძალიან ხშირად მიწევდა პოლიტიკურ თემებში მონაწილეობა და ეს გაგრძელდება. რაც შეეხება პარტიის პროგრამას და შეხედულებას, მე მთლიანად ვუერთდები - გარდა ჩემი მეგობრული დამოკიდებულებისა, ასევე ჩემი შინაგანი განწყობით, მსოფლმხედველობით, ღირებულებებით. სრული თანხვედრა მაქვს ამ პარტიასთან და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ამ კუთხით საქმიანობასაც“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
რაც შეეხება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ პროცესში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირები შესაბამისად დაისჯებიან.
გარდა ამისა, ნიკოლაძემ ყველას მოუწოდა, მის პოლიტიკურ აქტივობასა და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ერთამენთს ნუ დაუკავშირებენ.
„როდესაც გიორგი მკვლელებს დავაბინავებ როგორც საჭიროა, მერე ჩავერთვები აქტიურად. პოლიტიზირება ამ თემის რომ არ მომხდარიყო, ამაზე ვიკლავ თავს ამდენი ხანია. ყველასთან თხოვნა მაქვს, ეს ორი თემა არ მიაბათ ერთმანეთს. მეგობრებმა მთხოვეს, ვგულისხმობ პარლამენტარებს, ამ პარტიის დამფუძნებლებს. ათასჯერ გამომიცხადეს თანადგომა და მითხრეს, რომ თუ უკმაყოფილო ვიქნებოდი ძიების შედეგებთან მიმართებით, მეორე დღესვე ჩაერთვებოდნენ, მაგრამ მე ამაზე განვაცხადე უარი. თუ გამიჭირდება, უდიდესი თანადგომა მაქვს ამ ადამიანების“, - განაცხადა ნიკოლაძემ.
მირიან ნიკოლაძემ „მთავარი არხიც“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მედიასაშუალება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში არ იქნება.
„დააწყნარეთ „მთავარი არხის" ხელმძღვანელობა, რომ ოცნების სიაში მირიან ნიკოლაძე არ იქნება. ეს პარტია კი შეიქმნა იმის გამო, რომ არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეს ოცნებასთან“, - ამბობს მირიან ნიკოლაძე.
„ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი" დააფუძნეს. პარტიის დამფუძნებლები არიან პარლამენტისა და საკრებულოს ექვსი მოქმედი დეპუტატი: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ასევე თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანი.