logo
ENG



შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი სამართალდამცველების ჩვენებები - რას ყვებიან პოლიციელები

06 ივლ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები - ცნობილი ხდება, რომ გამოიკითხნენ ის პატრულ-ინსპექტორები, ვინც იაკობ ბრეგვაძე მცხეთიდან წამოიყვანეს. 

სამართალდამცველების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ბრეგვაძემ მათ დანახული ჩხუბის შესახებ უამბო, თუმცა უთხრა, რომ დაპირისპირებულებს არ იცნობდა.

ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან, რომელიც მრავალტომიან საქმეში დევს და გიორგი შაქარაშვილის სხეულზე სავარაუდო დაზიანებებს აღწერს, - მათ შორისაა სავარაუდოდ მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ტუჩთან.

ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს ოჯახი ორი კვირაა, ელოდება. პროცესი კი, რომელსაც ადვოკატთა ნაწილი ისედაც დაგვიანებულს უწოდებს, დღეს კიდევ გადაიდო. მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს „ტოიოტაში“ მჯდარი არასრულწლოვანი უნდა ამოეცნო. 

უფლებადამცელები უკვე ღიად გამოთქვამენ ეჭვს, რომ გამოძიება სიმართლის დადგენას აფერხებს.

შეგნებულად დაწვეს, თუ დაიწვა, - ეს ახალი კითხვაა, რომელიც შაქარაშვილის საქმეში გაჩნდა. ჯიხურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გარდაცვლილის მეგობარი და საქმის ერთ-ერთი მთავარი, ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი დევნის დროს თავს აფარებდა, გადამწვარია.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

3 ივლისს ცნობილი გახდა,რომ საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე - ფოტოგრაფი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათესავია.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

 


close დახურვა