ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს.
ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.
ევროკავშირი მინსკს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენაც მოუწოდებს. დღეს და ხვალ ბელარუსის დედაქალაქში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური გამოსვლები ისევ იგეგმება.
„მინისტრებმა გააგზავნეს ძლიერი სიგნალი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ბელარუსის მოსახლეობის სურვილს დემოკრატიული ცვლილებებისთვის. ევროკავშირს მიაჩნია, რომ შედეგები იყო გაყალბებული და ამიტომ არ ცნობს ბელარუსის საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ შედეგებს. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ სანქციების აუცილებლობაზე მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, რეპრესიაზე და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, შავ სიას მომდევნო კვირების განმავლობაში შეიმუშავებენ და აგვისტოს ბოლოს უკვე კენჭისყრაზე გაიტანენ. ევროკავშირის გადაწყვეტილების პარალელურად, ოფიციალურმა ვარშავამ ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის ფინანსური დახმარების შესახებ გამოაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ფონდისთვის თავდაპირველად 13 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
„პოლონეთის სოლიდარობის გეგმა ბელარუსისთვის ასეთია: უსაფრთხოება, გახსნილობა და სოლიდარობა, რადგან ჩვენი მეზობლების უსაფრთხოების გარეშე უსაფრთხო ვერ იქნება ვერც პოლონეთი და ვერც ევროპა. გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ ბელარუსს შეუძლია ჰქონდეს პოლონეთის იმედი. ჩვენი გეგმა ხუთპუნქტიანია, უპირველესად კი ითვალისწინებს რეპრესიების მსხვერპლთა მხარდაჭერას, დახმარება ადამიანების, რომლებიც სამსახურებიდან დაითხოვეს, ცემეს და ზიანი მიაყენეს. პოლონეთი წლების განმავლობაში იყო ქვეყანა, სადაც ბევრმა უკრაინელმა საომარი ზონიდან და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან იპოვა თავისი ახალი სახლი. ახლაც პოლონეთს შეუძლია ახალი გახდეს ბელარუსის რეპრესირებული მოქალაქეებისთვის", - ამბობს მატეუშ მორავეცკი.
არჩევნების გაყალბებისა და მილიციის ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში მეშვიდე დღეა გრძელდება. ხვალ მინსკში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსვლელობა, ე.წ. თავისუფლების მარში იგეგმება.
გუშინ პარლამენტის შენობასთან ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეებს გაფიცული ქარხნების თანმშრომლებიც შეუერთდნენ, ძალოვნებმა კი სოლიდარობის ნიშნად ფარები დაუშვეს.
სპეცრაზმელების გადაწყვეტილებამ დემონსტრანტებში ემოციური რეაქცია გამოიწვია. საპატიმროებიდან არეულობის დროს დაკავებული 2 ათასზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. თუმცა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ ინტერნეტ არხის დამფუძნებლის წინააღმდეგ, რომელიც სამართალდამცველების სისასტიკეს მუდმივ რეჟიმში აშუქებდა. მას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებიან. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ოფიციალურმა მინსკმა რუსეთს წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის ბრალდებით დაკავებული 32 მებრძოლი გადასცა. რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრების სამართლებრივი დევნა არ მოხდება.