logo
ENG



შენგელიას საქმეზე სასამართლოს განჩინებას წულუკიანის უწყება ამ დრომდე არ ასრულებს

03 ივლ 202014:32
3 წუთის საკითხავი
clock 476

ბაჩანა შენგელიას საქმეზე სასამართლოს განჩინებას იუსტიციის სამინისტრო ამ დრომდე არ ასრულებს. მას ჯერ კიდევ არ აღსდგენია ნოტარიუსის უფლებამოსილება, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეუჩერა, მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს სასამართლომ უწყებას შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის აღდგენა დაავალა.

ბაჩანა შენგელია აპირებს, პროკურატურას გამოძიების თაობაზე მიმართოს:

„იუსტიციის სამინისტრო, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი, არ ასრულებს სასამართლო ხელისუფლების მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას.

უკვე მესამე დღეა, წარვადგინე აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, რომლითაც დადგენილია, რომ ჩემთვის უნდა მოხდეს შესაბამისი პროგრამების ჩართვა და მე უნდა მომეცეს წვდომა სანოტარო რეესტრში და დავიწყო მუშაობა. თუმცა იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს ნებაყოფლობით ამ გადაწყვეტილებას და იძულებული გავხდი, რომ იძულებით სააღსრულებო პროცედურებს მივმართო.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და თუ უახლოეს დღეებში არ იქნება აღსრულებული ეს გადაწყვეტილება, მე მივმართავ პროკურატურას სისხლის სამართლის კოდექსით, გამოძიების დაწყების თაობაზე“, - ამბობს შენგელია.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ხარვეზიანი და მის გასაჩივრებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

შენგელია სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევს. 2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და უწყების განცხადებით, მძიმე დარღვევები გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლაში მიმდინარე პროცესებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.


close დახურვა