logo
ENG



შეურაცხყოფის შემდეგ, ქალი დეპუტატები NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ

03 ნოე 202309:20
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატების შეურაცხმყოფელი და სექსისტური განცხადებების შემდეგ, დეპუტატები, თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა NATO-ს წევრი ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავენ.

ოპოზიციიდან NATO-ს საპარლამენტო დელეგაციის წევრების მიმართვა უკვე მომზადებულია - ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას მიერ თეონა აქუბარდიას მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ გამოსვლას ეხება.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ დოკუმენტის გაგზავნის მიზანი, პარტნიორების ინფორმირებულობა და სექსისტური, შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორისთვის დისკომფორტის შექმნაა. ირაკლი ბერაია NATO-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეა.

გარდა ამისა, თეონა აქუბარდია დეპუტატ ბერაიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასა და სახალხო დამცველისთვის მიმართვას აპირებს.

***

31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.

რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". 

გამოსვლის ბოლოს ბერაიამ აქუბარდიას ასე მიმართა: "მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის თეონა აქუბარდიამ მოითხოვა, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვოს.

 


close დახურვა