logo
ENG



შეცდომით გაგზავნილი შეტყობინება და მობილიზაცია ფეისბუკზე თორნიკე რიჟვაძის დასახმარებლად

26 თებ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

შეცდომით გაგზავნილი შეტყობინება და მობილიზაცია ფეისბუკზე თორნიკე რიჟვაძის დასახმარებლად. „ქართული ოცნების“ პიარ ხრიკები ერთი შემთხვევითი დირექტივით გასაჯაროვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა ჟურნალისტების ჩათში მიიწერა მესიჯი, რომელიც, ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის იყო განკუთვნილი.

აჭარის მთავრობაში მსგავსი მეთოდებით მუშაობას უარყოფენ, თუმცა ფაქტია, დავალება შესრულდა და ბოტებმა, თუ რეალურმა მომხმარებლებმა, რიჟვაძის ქება არ დაიშურეს.

ივანიშვილის გუნდი საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას სოციალური ქსელებით რომ ცდილობს, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევით და ფეისბუკის განცხადებით დასტურდება. ფეისბუკმა ასობით გვერდი და ჯგუფი წაშალა, რომელიც მმართველ გუნდთან კავშირში იყო და დეზინფორმაციას ავრცელებდა.

ტექსტი საჯარო მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ პრესსამსახურის თანამშრომელმა შეცდომით შეტყობინება ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ჩათში გააგზავნა. რამდენიმე წუთში ტექსტი მიმოწერიდან გაქრა, თუმცა, მოგვიანებით, ამავე ჩათში მისმა კოლეგამ, ასევე აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დაწერა, რომ მის შეტყობინების ავტორს სიცხე აქვს და მსგავსი გეგმა ადგილობრივ მთავრობას არ აქვს.

აჭარის მთავრობის მეთაური გუშინ „იმედის“ ღამის ეთერში გადაცემა „სვოტ ანალიზში“ მონაწილეობდა. ინტერვიუ თითქმის 30 წუთი გაგრძელდა, თუმცა, მხოლოდ რიჟვაძის სოციალურ გვერდზე მან 200-ზე მეტი კომენტარი დააგროვა. მათი უმეტესობა პირდაპირი ეთერის მიმდინარეობის დროს დაიწერა. დიდი ნაწილის შინაარსი იდენტურია, ისინი მთავრობის ხელმძღვანელს „კარგ ლიდერს უწოდებენ“. სპეციალური აპლიკაციით ჩანს, რომ კომენტარების ავტორებს შორის საჯარო მოხელეებიც არიან.

მაღალი სიცხის გამო დაშვებული შეცდომა დღეს აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა აღიარა და განცხადება გაავრცელა. 

ადგილობრივი მთავრობის მეთაურს ამ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ აჭარის მთავრობის თანამშრომლები ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლას განიცდიან. ოპოზიცაში ამბობენ, რომ საჯარო მოხელეებს სოციალურ ქსელში შეკვეთილ კომენტარებს აწერინებენ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენის დროს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გადაღებული ფოტო არასამთავრობო სექტორის დისკრიმინაციის მიზნით სოციალური ქსელის ყალბ ანგარიშზე მოხვდა, მაშინ უწყების თანამშრომელმა აღიარა, რომ ფოტო დახურულ ჯგუფში გააგზავნა. მკვლევრები ამბობენ, რომ სახელმწიფო მოხელეები სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ყალბ ანგარიშებს ხშირად იყენებენ. 

ქართული ოცნების ხელისუფლებასთან კავშირი ფეისბუკმაც გამოავლინა, როდესაც საქართველოში მოქმედი 418 ქართული ანგარიში, 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში წაშალა. Facebook-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ეს გვერდები ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის მხარდასაჭერ პოზიციებს ავრცელებდნენ, თავს ესხმოდნენ ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ცდილობდნენ საქართველოს დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი აშშ-ის დისკრედიტაციას.


close დახურვა