შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-ისგან H145 ტიპის 3 ახალ შვეულმფრენს იყიდის. როგორც უწყებაში ამბობენ Airbus-თან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 26 500 000 ევროს შეადგენს.
ხელშეკრულების პირობის მიხედვით, წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება.
შსს-ში აცხადებენ, რომ H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება, სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში. კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად, მოიცავს პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას.