საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია.
ბორცვაძის თქმით, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული.
"ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები არის მობილიზებული, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ცნობისთვის, გუშინ ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.