ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაპირისპირება გაგრძელდა, რომლის შემდეგაც გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, დამწვარია ერთი სახლი და სასტუმრო, თუმცა ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
"კრიმინალურ შემთხვევას ემსხვერპლა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით 30 წლამდე. ამის შემდეგ გარდაცვლილის სოფლელები ქალაქში გაიშალნენ და კიდევ ჰქონდა პატარა კრიმინალურ შემთხვევებს ადგილი. პოლიციამ დაიწყო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. ახალქალაქში დამწვარია 1 სახლი და სასტუმრო. ამ წუთისთვის სიმშვიდეა. იმ ტერიტორიაზე სადაც დაპირისპირება მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ", - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აწარმოებს.
გამოყენებულია JNEWS.GE-ის ფოტოები.