ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შუა ხნის მამაკაცი შეიყვანეს.
ინციდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრილი საოკუპაციო ზოლიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს.
მეორე ვერსიით მამაკაცმა ჭრილობა ქურდული გარჩევისას მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარის დეტალები ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს. უწყება ამბობს, რომ "სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი".
პაციენტს ერთი ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა.