ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ მასზე თავდასხმის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა.
როგორც „გამარჯვებულის საქართველოს“ ლიდერმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მასზე მომხდარი თავსახმის უკან იდგნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებდნენ.
„ ხომ უნდა მოინდომო ადამიანმა, განსაკუთრებული უნარები უნდა აღმოგაჩნდეს, რომ შალვა ნათელაშვილი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ერთად დასვა. მას არ აქვს სწორი წარმოდგენები.
2016 წელს წინასაარჩევნოდ უბან-უბან და ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, ხალხს ვეუბნებოდი: ხმა მომეცით მე მაჟორიტარად და პარტიულ ბიულეტენში თუნდაც „ქართული ოცნება“ შემოხაზეთ. მაშინ ჯერ ასეთი კატასტროფული ნაბიჯები არ ჰქონდათ გადადგმული და ამ რიტორიკაში მე ვერავინ დამადანაშაულებს. ამის სანაცვლოდ კი მე ვიღებ ორ ტყვიას, რომლებიც ამცდა და მეგობრები, კობა კოშაძე და ბიძინა თომაშვილი დაიჭრნენ. ამ ყველაფრის უკან იდგნენ ოცნების აქტივისტები და აღარ განავითარეს შემდეგი ხაზი, ვინ უბიძგა ამ ადამიანებს ამისკენ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა. რუსთავი 2-თან რაც არ დავუთმე, ეს იყო განსაკუთრებული მოტივი მისთვის ალბათ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა გიგი უგულავასთან ერთად.