ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობამ მთის კურორტების დროზე ადრე დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუდაურში მყოფ ჩეხეთის მოქალაქეს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ ჩეხეთის მოქალაქეს ქართულ მხარეს კონტაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მისცა, რის საშუალებითაც შესაბამისმა უწყებებმა მასთან შემხებლობაში მყოფი 30 პირი უკვე გამოავლინეს.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გუდაურში იმყოფებოდნენ მოუწოდა, რომ პანიკას არ აყვნენ.
"იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციულ ღონისძიებებს კარგი ეფექტი აქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა გართულება.
"თუ რატომ სამთო კურორტები, ეს უკავშირდება ჩეხეთის მოქალაქეს. ჩეხეთის მოქალაქე იმყოფებოდა საქართველოში. 8 მარტს, გამოუვლინდა სიმპტომები და გაემგზავრა ჩეხეთში. მისი დიაგნოსტირება სწორედ ჩეხეთში მოხდა. მას კონტაქტი ჰქონდა ჩვენს საელჩოსთან. სწორედ ეს გახდა იმის ბიძგი, რომ სამთო კურორტებზე შეზღუდვებს ვაწესებთ. მან ფოტო მასალით აღწერა ის მარშრუტი, სადაც იმყოფებოდა. მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა, ამ ეტაპზე არის 30 ადამიანი გამოვლენილი. ის იმყოფებოდა გუდაურში. მიწოდებული აქვს მანქანის ნომრები, რომლებითაც გადაადგილდებოდა.
"მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ თუ ისინი ამ პერიოდში იმყოფებოდნენ გუდაურში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დაინფიცირებულები არიან. კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი კონტაქტი და დაშორება არიან 1 მეტრზე ნაკლები. 30 ადამიანიდან 3 გაქმოკვეთილი აქვს სიმპტომები", - განაცხადა ტიკარაძემ.