სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არ ელოდა მმართველი პარტიისგან პოლიტიკური პატიმრების არსებობის აღიარებას. როგორ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, მთავარი იქნება შედეგი - მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვალდებული გახდება, გამოუშვას პოლიტიკური ნიშნით დევნილები.
„ჩვენ ვერ შევთანხმდებით დეფინიციაზე, ვინ არის პოლიტპატიმარი. ამაზე არაა საუბარი. ჩვენი ამოცანაა, რომ ის პირობები, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ხელს უწყობს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას - ესენი უნდა იყოს ნიველირებული. ამის მნიშვნელოვანი კომპონენტია დევნის შეწყვეტა. არ ველოდები, რომ იტყვიან, გვყავს პოლიტიკური დევნილებიო - ველოდები, რომ შესრულებული იქნება ვალდებულებები, რომლებიც აიღეს. სამართლებრივ გზაზეა საუბარი აქ. შეუძლიათ არც ეძებონ დევნილები. ერთმა გამორჩეულმა დეპუტატმა თქვა კიდეც, არცერთ პარტნიორს ამაზე არ უსაუბრიაო- მაგრამ ჩვენი მოლაპარაკებების შემდეგ იყო ევროპარლამენტარების წერილიც, რომელიც გულისხმობს კონკრეტულად გამოშვებას პატიმრების", - აცხადებს სერგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რათა დაიწყოს საჯარო განხილვები - თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას, სანამ პირობები ბოლომდე არ შესრულდება.