logo
ENG



ჩიჟოვი: ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება, ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს

16 თებ 202211:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/16/6gvgtbyptrkwpyj.jpg

რუსეთის ელჩი ევროკავშირში, ვლადიმირ ჩიჟოვი უარყოფს, რომ რუსეთი უკრაინას 16 თებერვალს დაესხმება თავს.

ჩიჟოვმა გერმანულ გაზეთთან Die Welt-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი შეჭრას დღეს არ გეგმავს და ეს არც მომავალ კვირასა თუ თვეში მოხდება.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს. ესკალაცია არც მომავალ კვირაში, არც მის შემდეგ კვირაში ან მის შემდეგ თვეში იქნება.

როცა რაღაცას ამტკიცებთ, განსაკუთრებით ასეთ სერიოზულ ბრალდებას რუსეთის წინააღმდეგ, გაქვთ ფაქტების წარდგენის პასუხისმგებლობაც. სხვა შემთხვევაში ეს ცილისწამებაა. აბა, სადაა ფაქტები?“ - განაცხადა ჩიჟოვმა.

ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ასევე მოუწოდა დასავლეთს, რომ რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები სერიოზულად მიიღოს. დეესკალაცია მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. 

„როცა ჩვენი პარტნიორები ბოლოს და ბოლოს მოუსმენენ ჩვენს ლეგიტიმურ ღელვას, დაძაბულობის განმუხტვის პროცესი შორს აღარ იქნება. ეს ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ყველა ევროპელის ინტერესებში იქნება, ასევე მსოფლიოს ყველა სხვა სახელმწიფოსიც“ - განაცხადა ჩიჟოვმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული წყაროების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის ბოლომდე, კონკრეტულად კი 16 თებერვალს გეგმავს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი 14 თებერვალს განაცხადა რომ, მას აწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.

გავრცელებულ ვიდეოში ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ 16 თებერვალი ქვეყანაში ერთიანობის დღედ გამოცხადდება. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კი სამშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთსა და სამხრეთში მყოფი სამხედრო დანაყოფები წვრთნების შემდეგ სარკინიგზო და საავტომობილო გზით პირვანდელ ბაზებს უბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლმა, იგორ კონაშენკოვმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან". 

15 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კონაშენკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მასშტაბური წვრთნები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, სწავლების დასრულების შემდეგ კი ჯარები, "როგორც ყოველთვის", ერთობლივად დაუბრუნდებიან განლაგების ადგილებს. 

ასევე გუშინ, რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი.

საპასუხოდ კი უკრაინის ვერხოვნა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.


close დახურვა