logo
ENG



ჩიქოვანი - კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაშია

19 მარ 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ზომების გამკაცრების მიზეზი მოქალაქეთა ნაწილის დაუმორჩილებლობაა, რომლებიც საზოგადოებას საფრთხეს უქმნიან.

„სამწუხაროდ, ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეკავება მოხდეს ეფექტიანად, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია დაავადებულ ადამიანთა რიცხვის გაზრდა.

"სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ფაქტები, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რაც ქმნის საფრთხეს თითოეული მათგანისათვის და სხვებისათვის. აუცილებელია დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და აუცილებელი თითოეული ჩვენგანისათვის. დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველამ ერთად მოვერიოთ კორონავირუსს.

"მინდა გითხრათ, რომ დღეს, საბჭოს სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია დღის ბოლომდე წარმოადგინონ გეგმა, ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე. ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 


close დახურვა