logo
ENG



ჩიქოვანი - მარნეულსა და ბოლნისში უკვე 20 ათასზე მეტი ადამიანის შემოწმება მოხდა

25 მარ 202012:59
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც კარანტინის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი ჯგუფების მიერ, 20 ათასზე მეტი ადამიანის შემოწმება მოხდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შემოწმებულებიდან ტემპერატურა 25 ადამიანს აღენიშნებოდა, საიდანაც 2 შემთხვევა საეჭვო იყო, ამიტომ ეს მოქალაქეები ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

„ჩვენ დავიწყეთ ინფორმირებასთან ერთად გარკვეული შემოწმებები ორივე რაიონის. დღეს უკვე ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, მათ უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს და ასევე ტარდება სხვა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. 20 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა ტემპერატურა, აქედან საყურადღებო იყო ორი და ისინი მოთავსებული არიან საავადმყოფოში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება სურსათის მარაგებს, პრემიერის მრჩეველმა განაცხადა, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს. მისივე თქმით, დღეს მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავა და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.

„არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად, არ არის არანაირი მიწოდების პრობლემა, თუმცა მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შეიძლება თავიდან ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ესეც აღმოფხვრილია. აქვე გეტყვით, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება ამ ორ რაიონში რათა ადგილზე გადაწყვიტოს ყველა ის შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და იქნეს  აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმის და სახის მიწოდების პრობლემა“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, ჩიქოვანის ინფორმაციით, დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტში ქუჩების დეზინფექცია დაიწყება.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა დაიწყებს დღეიდან დეზინფექციის ღონისძიებებს და მოხდება მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების, ასევე ისეთი ადგილების დეზინფექცია, რომელიც გამოირჩევა საზოგადოების მაღალი კონცენტრაციით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მოხალისეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ვებგვერდს stopcov.ge, სადაც მოქალაქეებს პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, აზერბაიჯანული ენა დაემატა და უახლოეს დღეებში, სომხურიც დაემატება.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ვირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ფონდში 6 მილიონ ლარამდე თანხაა ჩარიცხული.


close დახურვა