logo
ENG



ჩიხლაძე მთავრობაზე: არც დახმარება უნდათ, არც თვითონ იციან და არც სხვას ეკითხებიან არაფერს

18 სექ 202012:47
3 წუთის საკითხავი
clock 437

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ საჩხერის ცენტრალურ საავადმყოფოში პალატებში ადგილები აღარ არის და პაციენტები კლინიკის მიმღებსა და დერეფნებში წვანან. 

როგორც ჩიხლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამის დამადასტურებელი ვიდეო მას ერთერთმა პაციენტმა გაუგზავნა. 

მისივე თქმით, სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს ერთ სივრცეში ყოფნა უწევთ, მათ შორის, ჩიხლაძის განმარტებით, ერთად არიან მოთავსებული ინფიცირებულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და კარანტინში გადასაყვანი მოქალაქეებიც. 

"როგორ შეიძლება ერთ საავადმყოფოში ინფიცირებული, არაინფიცირებული და საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი ერთად მოვათავსოთ?...ანუ უკვე ადგილები აღარ გვაქვს კლინიკებში? სად არის ის 600 საწოლი, ხან 3 000, ხან 1 500?! უკვე კორიდორებში და ფოიეებში წვანან ეს ადამიანები. სხვადასხვა პაციენტებს ერთმანეთში ურევენ - ეს არის დანაშაული და უპასუხისმგებლობა. 

მივიღეთ მხოლოდ სადღეგრძელოები - აი ჩვენ 2021-ში ასე ვიზამთ, 2020-ში ამას ვიზამთ. ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ დავთვალოთ რეალურად რა რესურსი გვაქვს, როგორ ხდება მისი რეალიზება. ყოველდღიური გეგმა უნდა შეიქმნას - რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. მოვითხოვთ მთავრობამ ეს გააკეთოს. თუ ვერ აკეთებთ, ჩვენ დაგეხმარებით - მტრები არ ვართ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არც დახმარება უნდათ, არც თვითონ იციან და არც სხვას ეკითხებიან არაფერს. 

ვხედავთ სრულ ქაოსს, უმოქმედობას. გამოგვიგზავნას კადრები საავადმყოფოდან, სადაც ვხედავთ, რომ პალატები გადავსებულია, პაციენტებს აწვენენ დერეფნებში" - განაცხადა ჩიხლაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა. ჩამოყალიბდა რამდენიმე ახალი კლასტერიც. დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  

 


close დახურვა