logo
ENG



ცესკოს თანამშრომლის მიერ სამსახურიდან წასვლას მდინარაძეც ენმ-სა და შაშკინს უკავშირებს

06 ნოე 202015:27
3 წუთის საკითხავი
 
ცესკოს თანამშრომლის მიერ სამსახურიდან წასვლას მდინარაძეც ენმ-სა და შაშკინს უკავშირებს

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ცესკოს თანამშრომლის, ივანე ბურდულის მიერ სამსახურიდან წასვლას მის "ენმ-სთან ურთიერთობას" უკავშირებს. მამუკა მდინარაძემ ამ არგუმენტის გასამყარებლად, ივანე ბურდულისა და დიმიტრი შაშკინის ინტერნეტში გავრცელებული საერთო ფოტოები მოიყვანა. მისი მტკიცებით, ეს ფოტოები მათ "მეგობრობას" ადასტურებს. 

მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ცესკოდან "ენმ-სთან დაკავშირებული" სხვა პირებიც წავიდნენ, რათა "ქვეყნის ჩამოშლის" ფონი შექმნან. 

"როგორც ჩანს, შაშკინმა ამ არჩევნებზე ბევრი აიღო საკუთარ თავზე და ვრცელდება მასთან მეგობრობის დამადასტურებელი ფოტოები ინტერნეტში.ეს სუბიექტური ინტერესებითაც შეიძლება, იყოს გამოწვეული.  

არ არის გამორიცხული, იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე ახლოს არიან ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან და მათგან შეიძლება დავალებებსაც იღებდნენ, ასეთი ფონისთვის შეიძლება, იგივე მოქმედება გაიმეორონ. რამდენიმე ერთეული შემთხვევაც მათ ილუზიას უჩენს, რომ ახლა შევქმნით შთაბეჭდილებას, თითქოს ქვეყანა ჩამოიშალა", - ამბობს მამუკა მდინარაძე ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.  

"მშვიდობით, ცესკო, შენთან ვბრუნდები, შაშკინჩანერგილის ისტორიიდან", - ასე გამოეხმაურა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი Facebook-ზე ივანე ბურდულის მიერ ცესკოდან წასვლის გადაწყვეტილებას.

ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, ივანე ბურდულმა თანამდებობა დატოვამთავარ არხთან საუბარში ის აცხადებს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას უკავშირდება.

"მიმაჩნია, რომ მე იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგ მიზეზთა გამო. მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ტოტალურად გაყალბდა. მე მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი კომისიაში არ არის", - ამბობს ბურდული.

წამყვანის კითხვაზე, თუ ვისგან მიდის [გაყალბების] ინსტრუქციები, იგი პასუხობს, რომ კონკრეტულ პირებზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა "ეს არის სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს მართავს".

31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ.


close დახურვა