logo
ENG



ცქიტიშვილი: არ გვაქვს საფუძველი, გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა

14 მარ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსხვილი სასურსათო ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა - ვირუსის გავრცელების პირობებში, მოსახლეობის პროდუქტებით უზრუნველყოფაა. შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც, რომელმაც მედიას დღევანდელი მდგომარეობა გააცნო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საპანიკო არაფერია. მაია ცქიტიშვილმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის აუცილებლობა არ დგას. 

"შევხვდით სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს. მინდა გამოვეხმაურო იმ მომატებულ აქტივობას სავაჭრო ქსელებში, სადაც ცალკეულ პროდუქტებზე მოთხოვნა მომატებულია. მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანაში არაა შეფერხება პროდუქტების მომარაგებასთან დაკავშირებით. ყველგან მომარაგებულია რამდენიმე თვისთვის სამყოფი პროდუქტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ამასთან, საქართველოში ჯადანცვის მიმართულებით კარგი მდგომარეობა გვაქვს და სექტორი ამ ეტაპზე ვითარებას აკონტროლებს სრულად. ამიტომ არ გვაქვს საფუძველი გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ არ ავყვეთ პანიკას", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

სავაჭრო ქსელებში სურსათის საკმარისი რაოდენობა რომ  ნამდვილად არის, ამას გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრიც  ადასტურებს. ლევან დავითაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვეს პანიკას და გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებობს სურსათის ადეკვატური მარაგები და ამაზე ზრუნავს სამინისტრო. შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ არანირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეს უბრალოდ დამატებით წნეხს სავაჭრო ქსელებში. მნიშვნელოვანია ამ კუთხით გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დავაფასოთ თითოეული იმ ადამიანის შრომა, რომელიც დღეს საზოგადოებას ემსახურება. მათ შორის სასურსათო მიმართულება", - აღნიშნა დავითაშვილმა. 


close დახურვა