logo
ENG



ცხინვალის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდოდ კიდევ ერთ პატიმარს სცემეს

29 აგვ 202017:21
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ცხინვალის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდოდ კიდევ ერთ პატიმარს სცემეს.

ნიკოლაი ცხოვრებოვის ფოტოები სოციალურ ქსელში ადგილობრივებმა გაავრცელეს. ამჟამად ის მკურნალობას ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.

ადგილობრივების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ სიტუაციას სოციალურ ქსელში ე.წ. პარლამენტის "ოპოზიციონერი" დეპუტატი, ზიტა ბასაევი გამოეხმაურა. ბასაევი ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებიც უკანონობას მფარველობენ.

"რას ჩადიხართ, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში საკუთარი მოქალაქეების ასეთი მკვლელობა. როდის შეწყდება ადამიანების ეს დამცირება, ადამიანები არ არიან მონები და ცხოველები. თქვენ ყველა ზღვარს გადახვედით ამას არ აქვს გამართლება. როგორც დეპუტატი მოვითხოვ, რომ ყველა დაისაჯოს, ყველა ვინც მფარველობს უკანონობას",-წერს ბასაევი Facebook გვერდზე.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეს პატიმრის ცემის პირველი შემთხვევა არ არის. ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული, ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ დაკითხვის დროს შემოაკვდათ. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა აქტივისტებმა გაავრცელეს.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ინალ ჯაბიევი სავარაუდოდ დაკითხვის დროს ცემაში შემოაკვდათ, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა. მომხდარის შემდეგ, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა.


close დახურვა