logo
ENG



ძიძების ასოციაცია რუსულ კანონზე: ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვა, თვალში ნაცრის შეყრაა

09 აპრ 202418:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/09/h1o9ch74zwriyc9.jpg

საქართველოს ძიძების ასოციაცია რუსულ კანონს გმობს და ამბობს, რომ მათნაირი ორგანიზაციებისთვის ეს დაცინვა და თვალში ნაცრის შეყრაა.

მათი თქმით, ფონდებთან თანამშრომლობით მოაეხერხეს პროფკავშირის შექმნა და საქმიანობა.

ასოციაციის განცხადება:

"ძიძების და საოჯახო მშრომელების პროფკავშირული ასოციაციის შექმნის იდეით სამი წლის წინ გავერთიანდით.

ჩვენი მიზანი იყო და არის, გვემუშავა ოჯახში დასაქმებული ქალების საერთო ინტერესებისთვის - ძიძების და დამხმარეების უკეთესი შრომითი პირობებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის.

ორი წელი ძირითადად ენთუზიაზმით ვიმუშავეთ. პირველი კვლევა საოჯახო მშრომელებზე CTC-ის დახმარებით გავაკეთეთ. შემდეგ პირველი თანამშრომლობა მარიამ ჭანჭალეიშვილთან და ბიოლის ფონდთან გვქონდა. მარიამი დღემდე ჩვენი მეგობარი და გულშემატკივარია. შემდეგ მალევე იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანადგომა.

დაახლოებით ერთი წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და პროგრესული ფორუმის მხარდაჭერით შევძელით უფასოდ ხელმისაწვდომი გაგვეხადა იურიდიული და პროფესიული დახმარება, დაგვეწყო საზოგადოებრივი კამპანია საოჯახო მშრომელების უფლებების და ღირსების დასაცავად.

ფინანსური დახმარება მივიღეთ იმისთვის, რისი კეთებაც საჭიროდ და აუცილებლობად მიგვაჩნდა და დღემდე ყველაფერი, რასაც ფულით ვაკეთებთ, მშრომელების საჭიროებებს და ინტერესებს ემსახურება.

ფინანსური დახმარების ფარგლებში ასოციაციაში ამჟამად სრულ განაკვეთზე მუშაობს ორი ადამიანი - მათი ხელფასი ძიძის საშუალო ხელფასის ტოლია. მაგრამ კიდევ 4 ადამიანი მუშაობს ენთუზიაზმით, ანაზღაურების გარეშე.

ჩვენი ტიპის პროფკავშირული ასოციაციები, ჩვეულებრივ, წევრთა საწევრო გადასახადებით ფინანსდება უცხოურ ქვეყნებში, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ეს თითქმის შეუძლებელია. შეუძლებელია დაბალი ხელფასების, უღირსი საცხოვრებელი პირობების და უწესო საბანკო პროცენტების გამო.

კვლევა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და რომელიც საოჯახო მშრომელების შრომით პირობებს სწავლობს, აჩვენებს, რომ ძიძების და დამხმარეების უმრავლესობას არ შეუძლია, თუნდაც ხელფასის 1 პროცენტი გადაიხადოს საწევროს სახით ჩვენნაირი გაერთიანების შესანარჩუნებლად.

სწორედ ამიტომაა, რომ მიღებული ფინანსური დახმარება ანაცვლებს იმას, რისი გაცემაც ჩვენს წევრებს ამ დრომდე არ შეუძლიათ.

აგენტების კანონპროექტი - შეცვლილი სახელით - ჩვენთვის და ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის დაცინვაა, თვალში ნაცრის შეყრაა, როცა ვხედავთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი შეიძლება გეწოდოს იმის გამო, რომ შენი ქვეყნის არასახალხო პოლიტიკის და ეკონომიკის პირობებში პოულობ რესურსს და შესაძლებლობას ფუნქციონირებისთვის, შრომის პირობის გაუმჯობესებისთვის, ღირსებისთვის".

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა