logo
ENG



ძლიერი წვიმის გამო სამეგრელოში ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სახლები, დაზიანდა გზები

11 ივლ 202312:32
3 წუთის საკითხავი
 

ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სავარგულები, რამდენიმე სოფელს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანებულია გზები. აბაშაში რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე მუნიციპალიტეტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

აბაშა

სამიქაო-მაიდნის, სუჯუნის, ზანათის, წყემის, ონტოფოს, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა სცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს. სოფელ საბოკუჩაოში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.

ასევე დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ელენერგია არ მიეწოდება გეზათს, სეფიეთს, ონტოფოს, საბოკუჩაოს. ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარეები: კოვზა, ცხ. წყალი, აბაშა. არსებობს საფრთხე გადმოვიდეს მდ. რიონი. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორია.

მარტვილი

დაიმეწყრა მარტვილის ტაძრამდე მისასვლელი გზა. ასევე მეწყერი ჩამოწვა ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში. გზები დაზიანდა ვედიდკარში, მუხურჩაში, ონოღიაში, სერგიეთში. ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ ლესიჭინესა და ზანას საზღვარზე, მეწყერმა ჩამოშალა ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შემოვლითი გზის აღდგენაზე. რამდენიმე საათში გადაადგილება შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი.

უხვი ნალექის შედეგად დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, ასევე დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. ამ ეტაპზე მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეულს.

სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში. ორ ადგილას დაიმეწყრა გზა ზანაში; გზები, ეზოები დაიტბორა თეკლათში, ჭალადიდში, გეჯეთში, ეკში, მენჯში, ნოქალაქევში. დაზარალდა მოსახლეობა. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ფოთი

ფოთში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ზღვის სანაპირო ზოლი. ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხეები.
ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დააზიანა ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი და სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი ცენტრალური მილები.

სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ფოთისა და სენაკის 32 000-ზე მეტ აბონენტს.

ზუგდიდი

უხვმა ნალექმა გზის სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცირე მეწყერი ჩამოწვა, მაგრამ ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ.

ხობი

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ხობსა და სოფლებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გზები და სავარგულები. წყალი შევიდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და სახლებში. ჩამორეცხილია გზები, დაზიანებულია ხიდბოგირები, მდინარემ რამდენიმე ადგილას გაარღვია დამბა.

ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.

წალენჯიხა

ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე მოროჟამ დააზიანა არსებული გაბიონი. დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა შიდა საუბნო გზები. საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბორბოლის უბანში დაიმეწყრა შიდა საუბნო გზა.


close დახურვა