logo
ENG



წერეთელი სტრასბურგზე: ყოველგვარ შანსს უსპობს მოსაზრებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო

21 იან 202114:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/21/y1hux6k77ze77ca.jpg

ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველგვარს შანსს უსპობს მოსაზრებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

"კონკრეტულად ომის დაწყება-არდაწყებაზე შეიძლება არ არის საუბარი, სხვა დანაშაულებზეა, თუმცა, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მიაჩნდა, რომ ეს ომი დაიწყო საქართველომ, ეს ვერდიქტი ყოველგვარ შანსს უსპობს ამ მოსაზრების რეალურობას, იმიტომ, რომ უამრავი დანაშაული მოხდა რუსეთის მხრიდან", - თქვა წერეთელმა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებში დაეხმარება. მისი განცხადებით, ზეწოლა უნდა გაგრძელდეს და ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ამაში აშშ დაეხმარება.

"ეს ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და იქნება ასევე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდგომში დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ძალიან შეუწყობს ხელს, კიდევ არის სასამართლო პროცესები... ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ზეწოლა, რა თქმა უნდა, საქართველო არ იქნება მარტო ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც, ახალი პრეზიდენტიც და მისი გუნდიც საქართველოს ამოუდგება მხარში, იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს", - აღნიშნა წერეთელმა.

დღეს, 21 იანვარს ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.


close დახურვა