ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია სოლიდარობას უცხადებს ქალებს, რომლებმაც სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.
სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში წოწორიამ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ "ხელისუფლების გახრწნას".
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ხელისუფლების სრულიად გახრწნას, რომელსაც თან ახლავს ხელისუფლების წარმომადგენლების მორალური დეგრადაცია და ყველანაირი მასშტაბის უბედურება, რაც შეიძლება ჰქონდეს. ძნელია სამართლებრივი შეფასება იმიტომ, რომ ამ საქმეს იმდენი განზომილება აქვს, რომ რომელ მხარესაც არ უნდა შეხედო, სამართლებრივად სრული თვითნებობა და სითავხედეა. მე უკვე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების მმართველობის სამართლებრივად შეფასება უკვე აზრს კარგავს იმიტომ, რომ ისინი დიდი ხანია არავითარ სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარებიან.
მე მინდა სოლიდარობა ვუთხრა ამ ქალბატონებს. დარწმუნებული ვარ ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ ამ უკიდეგანო ბოროტებისგან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებულები და ძლიერები გამოვლენ"- აცხადებს ის.
რაც შეეხება სახალხო დამცველის დაგვიანებულ გამოხმაურებას, წოწორია ამბობს, რომ შუალედური პოზიციის ქონა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის არქონას ნიშნავს და საჭიროა, რომ ცალსახა პოზიცია დააფიქსირონ.
"რაც შეეხება სახალხო დამცველს, ვფიქრობ, რომ ეს არის სრული კატასტროფა, რაც ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით ხდება. როგორც ჩანს, შაბთ-კვირას სახალხო დამცველი ზოგადად ისვენებს, მაგრამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა არ ჩერდება შაბათ-კვირის განმავლობაში და ის დრო, როდესაც სახალხო დამცველი გამოეხმაურა ბოლო დროინდელი მოვლენების ქრონოლოგიას, არის სრულიად აღმაშფოთებელი და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როცა იყო საზოგადოების ძალიან სწორი რეაქცია ამ დუმილზე. ეს არის მიუღებელი და ზოგადად ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთ კონდიციაში, როდესაც შეიძლება ნახევრად საუბარი. შუალედური პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით არის ზოგადად პოზიციის არქონა. ამ სიტუაციაში არის საჭირო ძალიან ცალსახა პოზიციის დაფიქსირება. მთელი სახელმწიფო აპარატი და ამაში თავისი დუმილით მონაწილეობს სახალხო დამცველიც, არის მომართული ამ ქალბატონების წინააღმდეგ" - ამბობს წოწორია.
ამასთან, წოწორია მიიჩნევს, მიუხედავად ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებისა, არც ის იმსახურებს მადლობას.
"მინდა შევეხო პრეზიდენტს, რომელიც მიუხედავად მისი განცხადებებისა, არ იმსახურებს მადლობას თავისი პოზიციისთვის იმიტომ, რომ როგორც მე დღეს ვნახე, თათიას დასჭირდა პირადად მიმართვა, რომ პრეზიდენტს დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია.
აქვე, შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ სრულიად შეტრიალებულადაა მთელი ცნებები - პოლიტიკოსი ქალბატონები როდესაც სამართლიან კრიტიკას იღებენ მოსახლეობისგან, ამბობენ, რომ არიან ბულინგის მსხვერპლი და მაშინ, როდესაც ქალბატონები დევნის მსხვერპლი არიან, თურმე აქ საჭიროა სიტყვის თავისუფლების და ჟურნალისტის თავისუფლების დაცვა. ამ ყველაფერს არაფერი კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან და ჟურნალისტის საქმიანობის განხორციელებასთან"- ამბობს წოწორია.
112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.
პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.
27 მარტს თათია სამხარაძემ თქვა, რომ ამ დრომდე მის სახლთან იმყოფება სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის გადამღები ჯგუფი და საქართველოს პრეზიენტს დახმარება სთხოვა.
"ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში?
ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - თქვა სამხარაძემ.
მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა შემაშფოთებელია.
პრეზიდენტმა მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალადობისგან გამიჯვნის ნაცვლად, მოძალადეს აგულიანებს.
თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა.
2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.
რამიშვილის პირველი მხილებიდან ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განცხადება 6 დღის შემდეგ გაავცელა.
განცადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი სოლიდარობას უცხადებს "ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს" და მზადაა " მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები.