logo
ENG



წულუკიანი: ვისურვებდი, ელჩ ჰარცელთან განმეხილა მისი განცხადება ჩემთან დაკავშირებით

03 თებ 202117:16
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი: ვისურვებდი, ელჩ ჰარცელთან განმეხილა მისი განცხადება ჩემთან დაკავშირებით

ქართული ოცნების დეპუტატი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ "ისურვებდა" ელჩ ჰარცელს პარლამენტშივე შეხვდეს და განიხილოს მის შესახებ გაკეთებული განცხადება. კერძოდ, იგი გულისხმობს ელჩის კომენტარს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებაზე, რასაც მან "არაეთიკური" უწოდა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ფეისბუქის გვერდზე საჯაროდ დაწერა.

"ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით", - წერს წულუკიანი.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვება მისთვის "უსიამოვნო სიურპრიზი" იყო.

 

"როდესაც გუშინ ეს ფაქტი ვნახე, ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მგონია, რომ არაეთიკური იყო. ვიცი, რომ სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს ამ საკითხს და ვნახავთ, რას იქნება მათი მოსაზრება", - თქვა ჰარცელმა.

თეა წულუკიანმა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოაცხადა. ის პარლამენტში ახლადშესულ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, მის პირველ საპარლამენტო სხდომაზე გამოსვლისას, თავისი მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

წულუკიანმა ელისაშვილს უთხარა, რომ თავადაც სურდა ნომრის გამოცხადება, თუმცა, სანაცვლოდ, გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, პარლამენტში გამოსვლის ტექსტები მასთან შეეთანხმებინა. 

"ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?", - განაცხადა წულუკიანმა. 


close დახურვა