logo
ENG



ჭიაბერაშვილის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია

27 ნოე 202212:53
3 წუთის საკითხავი
 

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია. ამის შესახებ მან გუშინ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ჭიაბერაშვილმა პარტიის არჩევნებში კენჭი იყაროს, რაზეც მან უპასუხა, რომ ამაზე უფიქრია და "ახლაც ფიქრობს".

"მინდა განვმარტო, რაკი ეს კითხვა ისმება: პირველი ჩემი მოტივაცია არის, რომ ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად, ოპოზიციის დღის წესრიგი განისაზღვროს ისე, როგორც მე ეს წარმომიდგენია. მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ერთგვარი ქოლგა პარტია, თუ დიდი პლატფორმა, რომელშიც თავი უნდა იპოვოს ძალიან ბევრმა ჯგუფმა.

მეორე - ზოგჯერ ის კონკურენცია, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არცთუ სასურველ სახეს იღებს. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ უნდა დავუკაროთ არც ნიკას მელიას, არც ლევან ხაბეიშვილს, არც გიორგი მუმლაძეს ის ღირსებები, რაც მათ გაუკეთებიათ [...] მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი რამ არის საჭირო ამ პარტიისთვის, რომ ის იყოს პლატფორმა, რომელიც შეკრავს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს", - განაცხადა მან.

ჭიაბერაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ პარტიაშიც. რომან გოცირიძემ ენმ-ში მიმდინარე პროცესების აღსაწერად გამოიყენა ფრაზა: "ისტორია მეორდება ორჯერმ პირველად როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი".

"ეს ლოზუნგი მოუხდებოდა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს. მთელი სერიოზულობით რომ ვიგრძნოთ მომენტის ტრაგიკომიკურობა, შემოვდივარ წინადადებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭი იყაროს განდგომილმა სოზარ სუბარმა, ისიც ხომ ერთ დროს ნაციონალი იყო?!", - დაწერა მან.

***

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა.


close დახურვა