ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
"ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური, უკომპრომისო, მებრძოლი ოპოზიცია პოლიტიკაში. ჩემი მიზანია, ენმ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის - მის ამომრჩეველს და მის მხარდამჭერებს."- თქვა ხაბეიშვილმა.
ის ასევე გამოვიდა ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.
"ნაციონალურ მოძრაობასთან შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა - პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი. ის ადამიანები, ვისაც აინტერესეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამ შტაბს ჩალაძე ჩაუდგეს სათავეში. ჩემი მიზანია ენმ ამართლებდეს მის სახელს და შინაარს"- თქვა ხაბეიშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს.
მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.