logo
ENG



ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას გიორგი მუმლაძეც წარადგენს

11 ნოე 202212:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/uk34ilj1epqxmtn.jpg

გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

"ვაპირებ მონაწილეობის მიღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში!

ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოსცილდეს პარტიის მართვას!

ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის "იძულების კამპანიისკენ", რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!

მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!

პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!

ვიწვევ ნიკა მელიას ნებისმიერი საჯარო ფორმატის დებატში და მზად ვარ არგუმენტირებულად ავუხსნა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები!

მივმართავ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭო და უზრუნველყოს სანდო საარჩევნო პროცესი!", - წერს მუმლაძე Facebook-ზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს. 

მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მზად არის, არტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

დღეს გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.


close დახურვა