logo
ENG



ჭიაბერაშვილი ჯარიმებზე:მთავრობა თვითონ აღიარებს, რომ არასწორი იყო მისი ქმედება

02 ივნ 202010:25
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებამ თავად აღიარა, რომ 3000-ლარიანი ჯარიმები მოსახლეობის შემოსავალთან მიმართებით არაპროპორციულია, - ასე ეხმაურება ოპოზიცია არჩილ თალაკვაძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში მაღალი ჯარიმები იყო დაწესებული. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ამ ოდენობის ჯარიმები პროპორციულად ვეღარ ჩაითვლება, ამიტომაც თანხა უფრო რაციონალური უნდა იყოს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ მანამ, სანამ ხელისუფლება მოქალაქეების დაჯარიმებაზე გადავა, მათ ისინი პირბადეებით უნდა უზრუნველჰყონ.

„როდესაც ვაჯარიმებთ ადამიანს პირბადის არქონის გამო, ჯერ უნდა უზრნველვყოთ ისინი. ანუ ვისაც არ შეუძლია შეძენა განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს და ა.შ. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ამ იმართულებით. ათასი მეთოდი არსებობს, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ჯერ ორგანიზაციული ფორმები და დასაჯარიმებელი ბუნებრივია უნდა დაჯარიმდეს, ოღონდ ისევ ვიმეორებ პირბადეებით უნდა მოხდეს უზრუნველყოფა“,-აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ახალი ჯარიმების საფასურის გადახედვასთან ერთად, ძველი ჯარიმების ჩამოწერაც საჭიროა. პარტიაში ასევე მიაჩნიათ, რომ ჯარიმების შემთხვევაში თანხის ოდნობა უფრო გონივრულად უნდა დაწესდეს.

„მთავრობა თვითონ აღიარებს, რომ არასწორი იყო მისი ქმედება. რა თქმა უნდა ყველა ღონისძიების აღსრულებაზე არსებობს ჯარიმა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რომლებიც გაუმართლებელ საკითხებზე დაწესდა გაუმართლებელი თანხებით, "ევროულმა საქართველომ" უკვე დავარეგისტრირეთ პარლამენტში შესაბამისი ინიციატივა, რომ ეს ჯარიმები ჩამოიწეროს და რა თქმა უნდა მომდევნო ღონისძიებებისთვის თანხის ზომა უნდა განისაზღვროს გონივრულად“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება უმრავლესობას, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯარიმების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

„მსჯელობა იქნება ალბათ კიდევ. ეს იყო ინიციატივა და ამას სჭირდება დახვეწა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება ამას უკვე პროცესი გვაჩვენებს. პარლამენტში როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო მისული პარლამენტარების ჯგუფი ითხოვდა, რომ ხო არ გავაკეთოთ ერთგვარი ამინისტია ამ ჯარიმებთან მიმართებაში, ბევრი თემა არის რომლის განხილვაც მიმდინარეობს წინასწარ ნუ გავაკეთებთ რაიმე აქცენტს“,-განაცხადა კახი კალაძემ.

 


close დახურვა