პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილის შეფასებისას განაცხადა, რომ კონგრესმენების, სენატორების ამ წერილებს შეიძლება მოჰყვეს იმ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა.
„როდესაც უცხოელი ბიზნესმენი ნახავს, რომ საქართველოზე ყველა ჟურნალ-გაზეთში ცუდი იწერება და წაიკითხავს, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა, ქვეყანაში ფულის ჩადებაზე აღარავინ იფიქრებს და ეს ფაქტია. ჩვენი ეკონომიკა არ არის მდგრადი ეკონომიკა, ძალიან მოწყვლადია და სწორედ ამ გარე შეფასებებზეა დამოკიდებული. აი, ამიტომ არის ამ ნაწილშია მათი შეფასებები მნიშვნელოვანი.
ახლა კი, კონგრესმენების, სენატორების ამ წერილებს შეიძლება, მოჰყვეს იმ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა.
და „ოცნების“ ეს ახალგაზრდები რომ გამოდიან და კონგრესმენების განცხადებებზე გაუგონარ რაღაცეებს ამბობენ, ბარემ, ერთი სიტყვა, ამერიკელი იმპერიალისტებიო დაამატონ და მათ გამონათქვამებსა და საბჭოთა კომკავშირელთა გამონათქვამებს შორის განსხვავებაც აღარ იქნება. ისე, ვენესუელას ლიდერი, მადუროც ასეა. როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, უნდა გაითვალისწინო“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს. ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს გაგზავნილ წერილში პოლიტიკური მოტივით დევნითა და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, შეშფოთება გამოთქვეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას ღია წერილით თვრამეტ იანვარსაც მიმართეს, სადაც საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.