logo
ENG



ხაბეიშვილი: "ოცნება" და ივანიშვილი დიქტატურაში ცხოვრებას გვაჩვევს

09 ნოე 202016:17
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/d1q29ov2oystrnn.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დიქტატურაში ცხოვრებას აჩვევს.

ხაბეიშვილმა ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" ოპოზიციის პროტესტზე ისაუბრა და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

​"ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი გვაჩვევს დიქტატურაში ცხოვრებას. არჩევანის უფლება ხო წაგვართვა ახლა გამოხატვის თავისუფლებასაც გვართმევს და გვეუბნება, რომ თუ ვინმე აქციაზე გამოხვალთ და მოპარულ არჩევნებს გააპროტესტებთ, ან თავში მოგხვდებათ ან თვალებშიო.

კონკრეტულ უსამართლობებს ჩადიან და ახლა ტელევიზორში ვინც გვიყურებს და ჭოჭმანობს - თქვენთანაც მოვა ეს უსამართლობა და მოსულია გაჭირვების, კრიმინალის სახით. სახლზე დაგიკაკუნებთ უსამართლობა, ან სამსახურიდან გამოგდებით, ან იმით, რომ ეკონომიკურად გაგიჭირდებათ, ან იმით, რომ სამართალს ვერ იპოვით, ან იმით, რომ დაგაყაჩაღებენ, შეგეშინდებათ გარეთ გასვლა.

ეს უბედურება მოსულია ყველასთან, ეს ის კი არ არის, რომ მხოლოდ არჩევნები მოგვპარეს, ასე მარტივად არ უნდა ვხედავდეთ, სახელმწიფოებრიობას გვართმევენ და მინდა რომ მშვიდად არ უყუროთ ამას. მშვიდობიანად გამოდით და გააპროტესტეთ",-ამბობს ხაბეიაშვილი.

გუშინ, 8 ნოემბერს ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც. 

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტების მხრიდან "მყისიერი თავდასხმა" ხორციელდებოდა, ამიტომ, მისი თქმით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეთა გაფრთხილებას სამართალდამცველები ვერ მოასწრებდნენ. 

მდინარაძის შეფასების საწინააღმდეგოდ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ცივ კლიმატურ პირობებში მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მიშვება ძალიან სასტიკი ზომაა. 

დარბეულ ოპოზიციას მკაცრად დასჯით დაემუქრა პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები შტურმის მოწყობას ცდილობდნენ. 

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე აქციას გამართავს. ისინი ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას გააპროტესტებენ. გარდა ამისა, კვლავ გააჟღერებენ 3 მთავარ მოთხოვნას - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. 

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.


close დახურვა