logo
ENG



ხაბეიშვილმა შაბათს, 15:00-ზე ოცნების ოფისთან სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით აქცია დააანონსა

28 ნოე 202223:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/itwoioadzyi0ac1.png

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა შაბათს, 3 დეკემბერს, 15 საათზე ქართული ოცნების ოფისთან აქცია დააანონსა.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ მოთხოვნა იქნება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და მისი სიცოცხლის უზრუნველყოფა.

"დღეს, ფაქტობრივად, დამალეს მიხეილ სააკაშვილი და არ აჩვენეს საზოგადოებას, თუ როგორ გამოიყურება ეს ადამიანი ვიზუალურად. საზოგადოება ამას კარგად ხვდება, რომ ამას აქვს მარტივი მიზეზები: როგორც კი საზოგადოება დაინახავს სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე ცხადია, ყველას დარჩება ობიექტური შთაბეჭდილება, რომ დღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი. პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავთ გადამალული და ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები, თითქოს ამ წლების განმავლობაში თეთრი ხალათი არ გაუხდიათ, აკეთებენ განცხადებებს და არიან სპეკულაციებით დაკავებული...

აღარც ერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი, არც ერთი დღე არ გვაქვს გადასადები იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ. სწორედ ამიტომ, მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ენმ-ის მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე ქართული ოცნების ოფისთან, იქ სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მთავარი რამ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა: პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე ამ მიზნით ხვალიდან გავდივარ ასევე რეგიონებში. არამხოლოდ შაბათისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. კაბინეტებიდან რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ" - თქვა ხაბეიშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივამედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.


close დახურვა