logo
ENG



ხაზარაძე: ვაპირებ ნიკა მელია მოვინახულო და ორ საკითხზე ვესაუბრო

30 აპრ 202113:06
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: ვაპირებ ნიკა მელია მოვინახულო და ორ საკითხზე ვესაუბრო

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხეში მონახულებას გეგმავს. ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ის მელიას უახლოეს დღეებში მოინახულებს. ხაზარაძე ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარესთან ორ საკითხზე აპირებს საუბარს. 

"ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ეს იქნება გალაწუნება ქართული ოცნებისთვის და მათი მართლმსაჯულებისთვის",  -განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, მეორე საკითხი, რაზეც მელიასთან ისაუბრებს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა. 

"მეორე საკითხი, რომელიც მინდა, რომ მასთან გავიარო ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. აქ დიდი დებატების გაშლილი ამნისტიასთან დაკავშირებით. ეს ამნისტია თავის დროზე ჩაწერილი იყო იმიტომ რომ ნიკა მელია გამოგვეყვანა საპყრობილედან, თუმცა ოცნება აპირებს გამოიყენოს იმისათვის, რომ მიჩქმალოს ის დანაშაულებები, რაც არ გამოუძიებია ან თაროზე აქვს შემოდებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა დააშავა, ვინ რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ამის მერე მოხდება ამნისტირება", - ამბობს ხაზარაძე და განმარტავს, რომ მომხრეა ამნისტიის აქტის, თუმცა ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

"ამნისტიის, როგორც აქტის მომხრე ვარ იმიტომ, რომ საქართველო უნდა გადაიტვირთოს. გადატვირთვა არის შერიგება, მაგრამ ამას წინ უნდა უძღვოდეს ყველა კითხვაზე პასუხი. ამ თემაზე მექნება ნიკასთან საუბარი", - განაცხადა ხაზარაძემ. 


შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, რამდენიმე პუნქტს შეიცავს.

დოკუმენტის თანახმად, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.

ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, რის გამოც ორივე მხარემ კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა. 

მელია ამნისტიის კანონპროექტის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მზადაა დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, თუ ამნისტიის კანონპროექტს გამოითხოვენ. 

პარტია ლელო 20-21 ივნისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

 


close დახურვა